14.12.2023

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა

 

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

„ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე ევროკავშირი გახსნის მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის საჭირო ხარისხი იქნება მიღწეული და მოიწვია კომისია მოამზადოს შესაბამისი ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არის იმედის ცხადი მესიჯი მათი ქვეყნებისა და ჩვენი კონტინენტისთვის", - დაწერა მიშელმა

წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/781434-evropulma-sabchom-sakartvelos-kandidatis-statusi-mianicha

13.12.2023

მოკლემეტრაჟიანი ფილმი პირველი ხორგა (ვიდეო)

 


გთავაზობთ ირაკლი შონიას მიერ შექმნილ მოკლემეტრაჟიან ფილმს სოფელ პირველ ხორგაზე, (რომელიც მიუძღვნა თავის დედულეთს): ისტორიკოს გოგიტა ჩიტაიას მიერ გამოცემული წიგნის „ხობის მუნიციპალიტეტი“ -ს მიხედვით.

თანადგომისთვის მადლობას ვუხდი: ლევან ჯობავას, ლევან ღვინჯილიას, ბესიკ კორტავას, ადა შელიას და მარიამ შელიას. ტექსტი:
პირველი ხორგა
პირველი ხორგა მდინარე ხობისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. იგი საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე შედიოდა ხორგის თემში, რომელიც ერქვა ვრცელ ტერიტორიას ხობისწყლის ორივე მხარეს ხობიდან ყულევამდე და არაერთგზის დასახელებულია შუასაუკუნეების სამართლებრივ ძეგლებში. აქ აფხაზეთის კათალიკოსს სასახლე ჰქონია. ხორგა აღნიშნულია არქანჯელო ლამბერტის რუკაზე. ხობამდე 7 კილომეტრია.
1873 წელს დაწყებითი სკოლა გაუხსნიათ. სოფელში 61 გვარის 281 კომლი, 769 სული ცხოვრობს. გავრცელებული გვარებია: ბერაია, კორტავა, შელია, ჩარგაზია, დოლბაია, ჭაჭია, ნაროუშვილი (ადგილობრივი ვარიანტი ნაროუსქუა), მირცხულავა, ქობალია, გვარამია... ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი.
საინტერესო ტოპონიმებია: ვეხი-მინდორი, კოდორე- ამაღლებული ვაკე, მამული-მინდორი, ნაბერუ-ტყე, ოფაშ ნავანუ-ყანა, ოუნე-სახნავი, ბერულეფიშ კარე-მინდორი,; ღელეები: ასუა, კარცხაპი, ნაბერუ, ნარჩაბუ, ოცხენებოგა, სასქური, სკვია, შქაღალი, წყაბუ, ლესქური; უბნები: საბერაიო, სამირცხულა, სადოლბაიო, საკორტა, სალეფონა, სანარსქუო, საშელიო, საჩარგაზიო, საჭოჭუო, საქობალიო.
მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა მარცვლეული კულტურების მოყვანა და მესაქონლეობა. აქაურ ნიადაგებზე კარგად ხარობს სიმინდი, ლობიო, სოიო, თხილი, ფეიხოა, კივი..... როგორც დამხმარე მეურნეობას უძველესი დროიდან მისდევენ მეთევზეობას.
სოფელში არის ადგილები-გვიმარონი, დიშ ნახორი, დიხაკიცი, ნააკოპუ, საანგურო, რომლებიც წარმოადგენს არქეოლოგიურ ძეგლებს, ისინი ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ძლიერ არიან დაზიანებული.
პირველ ხორგაში მიწისზედა ისტორიული ძეგლები არ შემორჩენილა, აქ არის ადგილი, რომელსაც ოხვამეკარი-მუხურჭალე ჰქვია, მდგარა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში დაუნგრევიათ. ამ ტაძარს მისარონის წმ. გიორგისაც უწოდებდნენ. ამ მიდამოებში ხობისწყლის პირზე დიდი რაოდენობით ფიქსირდება ანტიკური ხანის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.
პირველი ხორგიდან არიან: პოეტი ალიო მირცხულავა, სკოლის ეზოში დგას მისი ბიუსტი, ფუნქციონირებს ალიო მირცხულავას სახლ-მუზეუმი. ამ სოფლიდან არიან აგრეთვე პოეტი-აკადემიკოსი ვაჟა ეგრისელი-დოლბაია, ისტორიკოსი ილია მირცხულავა, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იონა მირცხულავა, რეჟისორი რეზო მირცხულავა. ზაალ ბერაია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და სხვადასხვა ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული იყო. რომული მირცხულავა წლების განმავლობაში ხობის ,,კოლხეთის’’ საფეხბურთო კლუბის კაპიტანი იყო, მკლავჭიდელი დათუნა ჟიშკარიანი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორია.
პირველ ხორგელი ჯარისკაცი გოგა ბერაია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შეეწირა. პირველ ხორგაში მოქმედებს იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერი.
#პირველიხორგა #ხობი #სამეგრელო #მემიყვარსხობი #ხობიჩემისახლია #საქართველო

19.04.2023

გოგა ბერაიას სახელობის ტურნირი

18-19 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში,  აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის ტურნირი გაიმართა მინი ფეხბურთში.
პირველობის გამარჯვებული ქალაქ ხობის გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ქარიატის გუნდმა დაიკავა. 
ფინალურ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით  განხორციელდა.

17.04.2023

გოგა ბერაიას სახელობის თასის გათამაშება მინი-ფეხბურთში

 


1აპრილს,პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულშიგოგა ბერაიას სახელობის სტადიონზესტარტი აიღო აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის თასის გათამაშებამ  მინი-ფეხბურთშიტურნირში პირველი ხორგის, შუა ხორგის, ქარიატის, ჭალადიდის, ხეთის და ქალაქ ხობის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები მონაწილეობენ.

ტურნირის გახსნის ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდა.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით  ხორციელდება.