07.07.2014

იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელი მშობლებს - ზაქარიასა და ელისაბედს გვიან ასაკში გაუჩნდათ. ის ღვითსმშობლის შორეული ნათესავი იყო.
იესო ქრისტეს დაბადების შემდეგ ებრაელთა მეფე ჰეროდემ ბრძანა, ბეთლემში ორ წლამდე ასაკის ყველა ყრმა ამოეწყვიტათ. ამის გამო ელისაბედი შვილთან ერთად უდაბნოში გაიხიზნა. იოანე უდაბნოში გაიზარდა და სწორედ იქ დაიწყო თავისი მოღვაწეობა. იესო ქრისტეს გამოჩენამდე იგი ხალხს სინანულისკენ მოუწოდებდა და იორდანეს წყალში ნათლავდა.
სწორედ იოანე ნათლისმცემლისგან მოინათლა უფალი იესო ქრისტეც. იოანე აქტიურად ამხელდა უზნეო მეფე ჰეროდეს, რომლის ბრძანებითაც მას თავი მოჰკვეთეს.
იოანე ნათლისმცემლის შობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინა მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის ხორგის თემში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში, სადაც საზეიმო წირვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
საზეიმო წირვა-ლოცვას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.